საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.
საუბრისას ასევე აღინიშნა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის – 144-ის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვებისა და დაშვებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. ამ მიზნით, გუბერნატორებს დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

ამასთან, რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებენ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონების ხელმძღვანელი პირების ეფექტიანი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რათა ადგილზე შესაძლო ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას და ნებისმიერი სახის გართულებები თავიდან იყოს აცილებული. პროცესს კოორდინაციას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციის პირობებში, კახეთის რეგიონი, დღემდე ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here