საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა პანიკის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მართვადია.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

„ჩვენ დღეს ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით და იმდენი რამ გვაქვს ნასწავლი, რომ ჯარიმებისა და მკაცრი მიდგომების გარეშეც, პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას ვიცავდეთ. ინფიცირების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაიცავს წესებს თითოეული ჩვენგანი. როდესაც ვსაუბრობთ, როგორც პირბადის ტარების, ისე დისტანციის დაცვისა და არასაჭირო შეკრებებში მონაწილეობისგან თავშეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5255 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here