„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ბიძინა  ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here