საქართველოს განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მისივე თქმით, ასევე 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დაიწყება ყველა საბავშვო ბაღში.

„ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. რასაკვირველია, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან, ძალიამ დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ“.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, ჩხენკელის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ უფლება ეძლევათ, რომ 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გაანაახლონ აუდიტორიებში.

„კოლეჯები და უნივერსიტეტები გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, სამინისტროსთან შეთანხმებით. აქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here