60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ. ფულადი დახმარების თანხამ 2,024,200 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც პირველი დოზით აცრილი ან სრულად ვაქცინირებული არიან და „ბუსტერ დოზას“ იკეთებენ, ერთჯერად ფულად დანამატს ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ახლად გახსნილ ანგარიშზე მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here